დაკარგული ტანკის ისტორია

View previous topic View next topic Go down

დაკარგული ტანკის ისტორია

Post  DeSouza on Mon Mar 09, 2009 6:48 pm

"სანამ ძალა და ტყვია-წამალი შეგვრჩენია, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ტანკს არ დავტოვებთ" - ცხინვალის ცენტრში ჩარჩენილი ქართული ტანკის ეკიპაჟის ბოლო რადიოშეტყობინებიდან
რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა T-72 ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის რამდენიმე ათეული ტანკი დაკარგა. ტანკების ერთი ნაწილი ცხინვალსა და მის შემოგარენში ააფეთქეს. ზოგიც როკის გავლით რუსეთის გზას გაუყენეს. რამდენიმეს ასავალ-დასავალი ჯერ კიდევ უცნობია. უცნობია ტანკების ეკიპაჟთა რამდენიმე წევრის ბედიც. მათ შორის არიან გორის ცალკეული ბატალიონის, პირველი სატანკო ასეულის, მეორე ოცეულის #406 ტანკის ეკიპაჟის წევრები: ეკიპაჟის მეთაური _ ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი, მსროლელ-ოპერატორი _ კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი, მძღოლ-მექანიკოსი _ კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი.
დანაკარგზე, მით უმეტეს, ცოცხალი ძალის, არავის სურს საუბარი, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადეთ, აღგვედგინა იმ ავადსახსენებელ 8 აგვისტოს ცხინვალში დატრიალებული ტრაგედიის სურათი, როცა გამარჯვებისათვის მტერზე წასული ოცეულიდან (4 ერთეული ტანკიდან) უვნებელი მხოლოდ ერთი დაბრუნდა. ორი ტანკი აფეთქდა, ერთიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია. სწორედ ამ ტანკის ბედი გვინდოდა, გაგვერკვია, რაც საკმაოდ ძნელი გამოდგა.
ამბავი ზღაპარს რომ არ დამსგავსებოდა, სატანკო ბატალიონის მეთაურ მამუკა გორგიაშვილსა და გიორგი რომელაშვილის თანამებრძოლს, იმავე ოცეულის გადარჩენილ წევრს, #409-ე ტანკის ეკიპაჟის მეთაურს, სერჟანტ სპარტაკ ნიორაძეს დავუკავშირდით.
მაგრამ როცა ამ თემაზე მუშაობა დავიწყე, ერთი საინტერესო რამ მოხდა. "არსენალის" #1 (70) გამოქვეყნდა სტატია ცალკეულ სამედიცინო ბატალიონზე, სადაც ბატალიონის ექთანი, უფროსი სერჟანტი ნინო ქართველიშვილი ჰყვება, ცხინვალში მორიგი შეტაკების შემდეგ დაჭრილების გამოსაყვანად შესულებმა, როგორ გამოიტანეს ვინმე კაპიტან რომელაშვილის ცხედარი. ამ სტატიის დაბეჭდვიდან მეორე დღეს რედაქციაში მოვიდა წერილი, რომლის ავტორიც იტყობინებოდა, რომ მან 8-9 აგვისტოს ცხინვალში დაკარგა ბიძაშვილი, ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი და იმედოვნებდა, რომ სტატიაში მოხსენიებული პირი სწორედ მისი ბიძაშვილი იქნებოდა. მეორე ძმის, გელა რომელაშვილის ცხედრის ნაწილების იდენტიფიკაცია ორიოდე კვირის წინ დნმ-ის საშუალებით მოხდა. როგორც გავარკვიეთ, წერილის ავტორის ბიძაშვილი სწორედ იმ #406-ე ტანკის ეკიპაჟის მეთაური, ლეიტენანტი რომელაშვილი იყო, რომელიც ცხინვალში დაიკარგა, და არა კაპიტანი რომელაშვილი.
მაშინ კი მოვლენები ასე ვითარდებოდა...
8 აგვისტოს დილით ცხინვალის მიმდებარე ტერიტორია უკვე ქართულ ქვედანაყოფებს ჰქონდათ დაკავებული. ცხინვალში მეოთხე ბრიგადის ნაწილები და სპეცდანიშნულების რაზმები იყვნენ შესული. ორმხრივი ბრძოლა მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, სპეცდანიშნულების რაზმმა დამხმარე ძალის გადასროლა მოითხოვა.
სპარტაკ ნიორაძე: `გორის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიდან ერთი ოცეული სწორედ ამ სპეცრაზმის დასახმარებლად გაგვიშვეს. შემადგენლობას წინ #406-ე მიუძღოდა, ფაქტობრივად, წინამძღოლი იყო ოცეულისა. გორიდან სოფელ ნიქოზში გადავედით, სადაც ორმხრივ შეტაკებაში მტრის წინააღმდეგობა კი დავძლიეთ, მაგრამ ტყვია-წამლის მარაგის შესავსებად უკან დაბრუნება მოგვიხდა~.
სპეცრაზმის დახმარების შემდეგ ცხინვალის გავლით თამარაშენში გადასვლა იყო ნაბრძანები. სავარაუდოდ, მტერმა სწორედ ეს ერთი საათი გამოიყენა ჩასაფრებისათვის. შუაგულ ცხინვალში, მოსკოვისა და ლენინის ქუჩების გადაკვეთაზე, ქართულ სატანკო ოცეულს ჩასაფრება მოუწყვეს და ყუმბარსატყორცნების ორმხრივ ცეცხლში გაახვიეს. წესით, აქ ქართველი სამხედროები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ორმხრივ სროლაში მოყოლილი მოსახლეობის მეტი ახლომახლო არავინ ჩანდა. ორი ტანკი მწყობრიდან გამოვიდა, ერთმა უკან გაბრუნება მოასწრო, #406-ს კი, რომელიც წინ მიუძღოდა ოცეულს, კავშირი გაუწყდა, ვეღარ მოახერხა სიტუაციაში გარკვევა და გზა განაგრძო, სავარაუდოდ, ცხინვალის ადმინისტრაციული შენობისაკენ, რომელიც ყველაზე მეტად იყო გამაგრებული მთელ ქალაქში. სპარტაკ ნიორაძის თქმით, გამორიცხული არ იყო, სიგნალები ხელოვნურად ჩაეხშოთ, რადგან შტაბთან დაკავშირებას ვერც ის ახერხებდა. იმ რადიოკავშირის გარდა, ტექნიკაში კომუნიკაციის სხვა საშუალება არ არსებობს, მებრძოლებს არც მობილური ტელეფონები ჰქონდათ. "როგორც კი სროლა დაიწყო, კავშირი გაწყდა. ოცეულის ეკიპაჟების წევრებმა #406-ს თვალი ვეღარ მივადევნეთ, რადგან თავდაცვაზე ვიყავით გადასული. გელა რომელაშვილი ცეცხლწაკიდებული ტანკიდან ამოსვლისას დაიღუპა, დაიღუპა მეორე ტანკის ეკიპაჟის წევრი გიორგი ჭონიშვილიც".
მამუკა გორგიაშვილი: "დაახლოებით 5-10 წუთში ჩემი ბრძანებით მათ დასახმარებლად ტანკისტების მეორე ოცეული გაიგზავნა და 7 კაცი გადაარჩინეს. მას შემდეგ #406 აღარავის უნახავს".
ამბობენ, რაციაში მეთაურის ხმა გაისმა, სანამ ძალა და ტყვია-წამალი შეგვრჩენია, ვიბრძოლებთო და მერე მისი ხმა აფეთქების ხმას ჩაუხშვია. იმასაც ამბობენ, ტანკი რუსების ნადავლი გახდაო. სხვა ცნობით კი #406-მა საოლქო კომიტეტის შენობას შეუტია, სწორედ ამ დროს ააფეთქეს და დღესაც აგდია ცხინვალშიო.
P.S. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს სიცოცხლე ფუჭად არ შეუწირავთ და საქართველო მიაღწევს იმ დიად მიზანს, რისთვისაც ბიჭებმა თავი გაწირეს.
ჟურნალი "არსენალი" #5 Crying or Very sad

DeSouza
Admin

Number of posts : 27
Age : 33
Registration date : 07.03.09

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum